ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მშენებლობის დასრულების შემდეგ სავარჯიშო ბაზა ახალი სივრცე იქნება სპორტსმენებისთვის და შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება.

„სამსართულიანი შენობის სამივე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იწყება გადახურვა, მიმდინარეობს ინტერიერისა და ფასადის მოწყობა. მთლიანი შენობის კარკასის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს, ხოლო პროექტი სრულად 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ძალოსნობის ბაზის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია“,- აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.