ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილა.

მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები განკარგულებაში „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება.

დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.

ევროკავშირის პროგრამით შვიდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე ოთხი რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი