ირაკლი ღარიბაშვილი - ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, სპეკულირების საფუძველი მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, სპეკულირების საფუძველი მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს

ზელენსკის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკისა და გარკვეული ქართველი ოპოზიციონერების განცხადებები თანხვედრაშია.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში, ყოველდღე ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა, ომში მყოფ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.