ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი, აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი, აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო

ყველამ ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი, აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველას ახსოვს უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი.

„უკრაინის კანონმდებლობით, მე როგორც ვიცი და შევისწავლეთ ეს საკითხი, საზღვრის კვეთა უკანონოდ არის ასევე დანაშაული, ისევე როგორც ჩვენთან არის დანაშაული. სააკაშვილმა როცა გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ ჯერ უკრაინაში და შემდეგ ჩვენთან, დაარღვია კანონი უკრაინაშიც. კითხვა უნდა დავსვათ მაშინ, რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება? ომამდე ხდება ეს ყველაფერი, ხომ? მე მქონდა პირადად საუბარი ზელენსკისთან და მას გავუზიარეთ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, რომელიც მოვიპოვეთ ოპერატიული და სხვა წყაროებიდან. ეს გამოძიების შედეგად დადგინდა, მათი ჩართულობით. მათ შორის, ლორთქიფანიძის, ყოფილი მინისტრის მოდგილის ჩართულობით. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ეს ადამიანი დააწინაურეს, გახდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოადგილე. ამით ჩანს დამოკიდებულება. ამიტომ ნუღარ გაუკვირდებათ, აქ რომ ისმის კონკრეტული დასაბუთებული ეჭვი და ვარაუდები. ძალიან რთულია საზოგადოების მოტყუება. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი აქ, რომ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო. ამის შემდეგ გახსოვთ თქვენ, უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი. ასევე მოვისმინეთ განცხადებები, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა „მეორე ფრონტი“ მათგან მომდინარეობს. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია. ამიტომ რატომ უკვირთ, რომ ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და თუნდაც განაწყენებული ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.