ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას დაბრუნებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი ხელისუფლება, არ დავუშვებთ არავითარ არეულობას
ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას დაბრუნებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი ხელისუფლება, არ დავუშვებთ არავითარ არეულობას

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალადობს ყოფილი მოძალადე ხელისუფლება, რომელიც დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვთ, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების 0% არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი გზა, რომ მათ როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც მათი ხელწერაა.

„მათ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი, მტკიცე ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არეულობას ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასე, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას რაც ყველაზე მეტად აწუხებს, არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და განვითარება. ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა და სტაბილური გარემო. ამისთვის საჭიროა ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება, რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პროგრამები და საქმე. ამ მიზნით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და უამრავი სხვა, რითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა. ახლა ჩვენი მიზანია, ეს პროგრამები მაქსიმალურად გავაფართოოთ, უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მოიცვას მთელი ქვეყანა და თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის სწორედ გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც სამტრედიაში კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ჩვენს საზოგადოებას კიდევ წარვუდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ, სად ვართ დღეს, სად მივდივართ და სად ვიქნებით ხვალინდელ დღეს. ვიმყოფებით რა სამტრედიაში, მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩემს მეგობარ კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მაშინ სხვა დრო იყო, მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული, მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული, ხელშესახები პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი, თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რადგან ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვიაზრებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.