ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენი მედიაციით, ჩვენს ძმებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას
ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებული პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენი მედიაციით, ჩვენს ძმებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა; ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებული მედიაციის მეშვეობით სომეხი სამხედროები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

„ბოლო დროს ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან, აზერბაიჯანელებთან და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის – რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით – სამმა მეზობელმა ქვეყანამ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო რეალურად გახდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი ინიციატორი და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.