ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა

საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეების დახმარების შესახებ ისაუბრა.

„ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1 500-მდე ადამიანს. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი