ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ დამატებით ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებსაც
ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ დამატებით ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებსაც

ჩვენ შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე. ასევე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უახლოეს 10 დღეში ჩატარდება დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა, საიდანაც ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად იქნება აცრილი.

„აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს ორი მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, ერთ მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის სამი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც ორი მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ აჟიოტაჟს, სპეკულაციას, ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება.

ჩვენ, ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ. სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად ეკონომიკის ზრდის ტემპს“, – აღნიშნა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი