ირაკლი ღარიბაშვილი - ვიმედოვნებ, შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზეც, მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს
მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. მან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.
„როგორც პარლამენტში გამოსვლისას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას.
წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმას. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან; რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან; ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა; რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება; კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან; სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან; საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.