ირაკლი ღარიბაშვილი - მზარდ შესაძლებლობებთან ერთად, იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც საპასუხო რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილი - მზარდ შესაძლებლობებთან ერთად, იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც საპასუხო რეაგირებას მოითხოვს

ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენს მზარდ შესაძლებლობებთან ერთად, იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, კონფერენციაზე სწორედ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, თავდაცვის მინისტრის რანგში გიმასპინძლოთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგითმე-13 კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც საშუალება მოგვეცემა, განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ღიად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის. წლების მანძილზე საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენს მზარდ შესაძლებლობებთან ერთად, დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.