ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინების შეძენის პროცესში მსოფლიო ბანკი აქტიურ დახმარებას გვიწევს, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინების შეძენის პროცესში მსოფლიო ბანკი აქტიურ დახმარებას გვიწევს, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო

ვაქცინების შეძენის პროცესში მსოფლიო ბანკი აქტიურ დახმარებას გვიწევს, მინდა, ბანკს საჯაროდ მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„განვიხილეთ კოვიდპანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში. მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს კოვიდპანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

„ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელს, როგორიც არის „ფაიზერი“, ასევე ვაქცინები მივიღეთ „კოვაქსის“ პლატფორმიდან – „ასტრაზენეკა“, „ფაიზერის“პირველი პარტია. ახლა ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული. ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია, გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.