ირაკლი ღარიბაშვილი - როცა იქნება სრული კონსენსუსი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
ირაკლი ღარიბაშვილი - როცა იქნება სრული კონსენსუსი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად გამართავს.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

„იენს სტოლტენბერგთან პირველი შეხვედრა მექნება მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე. ბუნებრივია, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ხუთი წლის წინ ერთობლივად გავხსენით საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი „ჯეიტეკი“. წარმატებით ვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას და გეგმას, რომელიც ერთობლივად დავსახეთ. ეს ერთხმად აღინიშნა თუნდაც რამდენიმე კვირის წინ, ბათუმში, ნატო-ს ვიზიტის დროს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც შევეხებით ამ შეხვედრის დროს იქნება სწორედ ამ პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა. საქართველო ნატო-ს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად ავღანეთში. ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად აღიარებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სამხედროების ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას.  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს აქვს ასეთი მაღალი სტატუსი მთელ საერთაშორისო არენაზე, სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ერთ დღეს, როცა იქნება მზაობა, სრული თანხვედრა, სრული კონსენსუსი ყველა წევრის მხრიდან, ჩვენ უნდა გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი 24-25 ოქტომბერს გაიმართება.

ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ.

მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.