ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს

საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს.

„ონლაინკაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ონლაინკაზინოებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.