ირაკლი ღარიბაშვილი - „თავდაცვის ახალ კოდექსში“ დავარეგულირეთ წვევამდელთა ახალი პირობები, რომელიც იქნება ძალიან მოქნილი და პოპულარული ახალგაზრდებში
ირაკლი ღარიბაშვილი - „თავდაცვის ახალ კოდექსში“ დავარეგულირეთ წვევამდელთა ახალი პირობები, რომელიც იქნება ძალიან მოქნილი და პოპულარული ახალგაზრდებში

მიმაჩნია, რომ „ჯარის ბანაკი“ იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც უნდა გავაფართოოთ, „თავდაცვის ახალ კოდექსში“ დავარეგულირეთ წვევამდელთა ახალი პირობები, რომელიც იქნება მოქნილი და პოპულარული ახალგაზრდებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის, „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობისთვის.

„წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა უნდა მოვიყვანოთ ჯარში. ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან კარგი „თავდაცვის ახალი კოდექსი“, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში მიიღებს. ჩვენ დავარეგულირეთ, მათ შორის, წვევამდელთა ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი და პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. იქნება, სულ მცირე, ექვსთვიანი პროგრამები, ასევე იქნება რვათვიანი, ათთვიანი, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის ჩვენ მოვიფიქრეთ ახალი გამოსავალი, რომ სტუდენტს, რომელიც ჩაერთვება ახალ პროგრამაში და წელიწადში ერთი თვის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას ჯარში, ოთხი წლის თავზე, ოთხი წლის დასრულების შემდეგ ჩაეთვლება მოხდილად სამხედრო სამსახური.

მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, მინისტრებს – ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას, მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატრიარქოს. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება ყოველ საღამოს. მეც თუ დამპატიჟებთ, სიამოვნებით ჩავერთვები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ასეთ საკითხზე დისკუსია გაიმართოს, ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი გაეცეს ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ გეკუთვნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალი არის თქვენს ხელში, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად თქვენს სწორ განვითარებაში, აღზრდაში და, რაც მთავარია, თქვენი მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.