ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციას
ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციას

სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინასა და მოლდოვას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა.

„გახსოვთ, წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც საჯაროდ ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს, იმიტომ რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწვეტილება მიიღეს, რადგან უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ასევე არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომ ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა, მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება.

ახლა ასევე მინდა, ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციას. რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი, მეგობრებო, უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.