ირაკლი ღარიბაშვილი - „სუ 25“, თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება, კომერციული პროექტი გახდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - „სუ 25“, თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება, კომერციული პროექტი გახდეს

აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს – ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და შემდეგ გაყიდვა, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. მან ასევე განმარტა, რომ მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ქვეყანამ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე – ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენივე ქარხნით – „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე – სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები. ასევე, არ გამოვრიცხავთ სხვა კერძო სუბიექტებთან, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.