ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია
ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია

ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი მთავრობის, ქვეყნის, ჯარის მიმართ უმაღლესი ნდობის გამოცხადებას ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობის საკითხებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის პირველი ვიზიტი რეგიონში. მოგეხსნებათ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა ამერიკის თავდაცვის მდივანი, რაც ჩვენ შორის არსებული უმაღლესი თანამშრომლობისა და პარტნიორობის დადასტურებაა, უმაღლესი ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ქვეყნის, ჯარის მიმართ. მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა თავდაცვის მდივანთან. ვისაუბრეთ ჩვენ შორის არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობის საკითხებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის თავდაცვის მდივანთან ერთად გააფორმა ახალი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. თავდაცვის მდივანს გადავუხადე მადლობა, ასევე მადლობა გადავუხადე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას იყო თუ არა საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პატიმრებზე საუბარი არ ყოფილა.

„სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.