ირაკლი ღარიბაშვილი - შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორებიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა
ირაკლი ღარიბაშვილი - შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორებიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა

ხვალ მოვისმენ რეკომენდაციებს, მაგრამ ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორებიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებენ.

„მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ეკონომიკას მიაყენა ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, დაინგრა ეკონომიკები. ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, ჯამში სამი მილიონი. ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინაციით. ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიცაა ნიღბების ტარება, მით უმეტეს შევდივართ არჩევნების აქტიურ ფაზაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ცესკო-ს შესთავაზებენ კომისიის წევრების, საარჩევნო პროცესში ჩართული პირების, ასევე კანდიდატების ვაქცინაციას.

კითხვაზე, შეეხება თუ არა რეგულაციები ფესტივალებსა და მასობრივ ღონისძიებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, რომელიც, სამშაბათის ნაცვლად, ხვალ ჩატარდება.

„წინასწარ არ მსურს, ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ ჩვენ გვექნება კოვიდსაბჭო. ტრადიციულად სამშაბათის საბჭო გადმოვწიე, ხვალ ჩატარდება, 12:00 საათზე. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალებისა და სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ, მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, იგეგმება არა ჩაკეტვები, არამედ მარტივი რეგულაციების დაწესება.

„შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. მოვისმენ ხვალ რეკომენდაციებს, მაგრამ ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ, ზოგადად მოსახლეობას რომ გავუმარტივოთ ამ სიტუაციის მართვა, მარტივი რეგულაციები, როგორებიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა. ასეთის ჩატარების შემთხვევაში, ტესტირება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამჟამად სიტუაციას უმკლავდება და მართავს.

„თუმცა, როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთული რეჟიმით უწევთ ამ ყველაფრის გამკლავება. კიდევ რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორის მუშაობა, ამიტომ გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები ხვალისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი