ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე, 110 კმ-მდე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა
ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე, 110 კმ-მდე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა

გრიგოლეთის შემოვლითი გზის ჩათვლით, შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა, რაც სატრანზიტო გადაზიდვების, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გრიგოლეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, პროექტის მიხედვით კი სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

პროექტის ფარგლებში შენდება ოთხზოლიანი 14.4 კმ-იანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები.

მიმდინარეობს ყრილის, ქვეშსაგები ფენის, საფუძვლის, ასფალტის საფარის, სახიდე გადასასვლელების ხიმინჯებისა და ბურჯების მოწყობისა და რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები.

გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 228 მილიონი ლარით დააფინანსა.

ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.