ირაკლი ღარიბაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაგვეწყო, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან
ირაკლი ღარიბაშვილი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაგვეწყო, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა, რომ არ დაგვეწყო აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ჯამში, 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.

„ახლა მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენ მიერ ამ ათი წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები.

როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული შვიდი მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, – განაცხადა პრემიერმა.