ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება.

უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.