ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს

ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს, სრულად დაფარავს ბიუჯეტი ამ ხარჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაზრდილია დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ ასევე გავზარდეთ დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, გასულ წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. დღეს დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი არის უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისცენტრის დამატება.

რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული ოპერაცია ასევე სრულად დაფინანსდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო ასევე უკვე აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას და ვგეგმავთ ამ პროგრამის გაფართოებას.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ვალდებულებას, მინდა, გითხრათ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ხარისხი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, აუცილებელი არის, რომ გაუმჯობესდეს მონიტორინგი, დავეხმაროთ მეტად კლინიკებს, მოხდეს მათი შემოწმება, ზოგადად ხარისხის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი მთავრობისთვის.

მთავრობის მიერ პარლამენტს უკვე წარედგინა – მოგეხსენებათ კარგად, და მადლობა კიდევ ერთხელ პარლამენტს, ჩვენს გუნდს – საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკეთ დაარეგულირებს სამედიცინო-ფარმაცევტულ საქმიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიცი, რომ აქტიური მუშაობა გაიმართა სამინისტროს და კომიტეტებს შორის და შეჯერებულ იქნა კომპრომისული, შეიძლება ასე ითქვას, ვერსია, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ზოგადად, სერვისებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.