ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხარდამჭერი აქტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას.

„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას.

როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.