ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება, ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება, ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში.

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი.

2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის.

შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.