ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, ვაგრძელებთ ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, ვაგრძელებთ ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართა.

„საკმაოდ დატვირთული, რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა ყველას ერთად, რაც დაგვირგვინდა გამორჩეული, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით; 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის გზას, ნატოს გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სურს არეულობა.

„პირიქით, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ და ჩვენ ყველამ მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა უნდა მივმართოთ განვითარებაზე, კეთილდღეობის მოტანაზე ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმები, უნდა წარმოვაჩინოთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარებისა და ფინანსური, ბიზნეს და ტრანზიტული ჰაბის პოტენციალის მქონე ქვეყანა და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს, მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას და აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას.

„ევროინტეგრაციის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყნების საერთო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით არსებული გეგმების ხორცშესხმას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ბუნებრივია, გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ნატო-სთან თანამშრომლობასა და გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.

„მინისტრთან ერთად მე ახლახან მქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათგან კიდევ ერთხელ მიგვეღო დადასტურება და დავრწმუნებულიყავით, რომ მათი პოზიცია არის ურყევი, ისევე, როგორც ჩვენი პოზიცია არის ურყევი და უცვლელი, რომ საქართველოს მთავრობისა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი დიდი იდეა და ამოცანა. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას. წინა წლების მიღწევებზე დაყრდნობით, განვაახლეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. დღეს იგი უფრო დინამიურია, მორგებულია ჩვენს საერთო ეროვნულ პრიორიტეტებზე, ამოცანებზე, საჭიროებებზე და უსაფრთხოების საერთო მიზნებზე. ამასთან, ალიანსი უპრეცენდენტო ყურადღებას აქცევს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც უდავოდ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამყარებას და განმტკიცებას.

განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვამაყობთ იმ საერთაშორისო აღიარებით, რაც აშშ-სა და მოკავშირეთა ძალების მიერ ავღანეთში განხორციელებული უპრეცედენტო, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაყვანის სატრანზიტო და საევაკუაციო მხარდაჭერისთვის დავიმსახურეთ. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის როლი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა და ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა.

„ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი – საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative). დოკუმენტი თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებსა და პროგრამებს განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვანი ფორმატი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას უახლოეს მომავალში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი