ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ევროპისაგან ელოდება ბრძნულ, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, რეფორმების შესაბამის აღიარებას
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ევროპისაგან ელოდება ბრძნულ, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, რეფორმების შესაბამის აღიარებას

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით მოსახლეობისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ხელშესახები მონაპოვარია.

„მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობასა და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.

დღეს საქართველო ევროპისაგან ელოდება ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.