ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დაინტერესებულია, გავაძლიეროთ პარტნიორობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას, სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დაინტერესებულია, გავაძლიეროთ პარტნიორობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას, სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად განაგრძობს ევროკავშირში ინტეგრაციას. ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერმა ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო ათ წელიწადში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, თურქეთთან და მთლიანობაში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2.3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა.

„მიმდინარე წლის ივლისში ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიყვანეთ. გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიანად რეგიონს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. საქართველო არის დაინტერესებული, მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.