ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას, ყალიბდებოდა დიქტატორული რეჟიმი, 11 წელიწადში კი, დემოკრატიზაციის კუთხით, მსოფლიო ათეულშია, არის კანდიდატი სახელმწიფო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას, ყალიბდებოდა დიქტატორული რეჟიმი, 11 წელიწადში კი, დემოკრატიზაციის კუთხით, მსოფლიო ათეულშია, არის კანდიდატი სახელმწიფო

ჩვენ, ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის. ჩვენი ერთობლივი მუშაობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრი საქმე გააკეთეს, როგორც პარლამენტმა, ასევე მთავრობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა, რისი  შედეგიც სახეზეა.

„დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ელჩს, რომელიც წარმოდგენილია დღეს, ამ დარბაზში. პირველ რიგში, მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის. ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა, გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის. ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი. ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის მიერ, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე.

მე ახლა მინდა, უფრო ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11-წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. არ მინდა, დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული, რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. აი, ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა, შევაფასო, კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ის მმართველობა და ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.