ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობას გაეცნო
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა.

პროექტის მიზანია ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესება, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა დანიშნულების სივრცითა და სპორტული ინვენტარით. შენობაში და მის მიმდებარედ განთავსდება სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, მოსასვენებელი კუთხეები, კონცეპტუალური სივრცეები და ა.შ.

პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, ამასთან, მას შემდეგ, რაც ნიჩბოსნობის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს, ქალაქში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

პარალელურად, ინვესტორის გადაწყვეტილებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არა ერთი საინტერესო კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების თვალსაზრისით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვინაიდან ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის სპორტის სახეობას არსებობის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ნიჩბოსნობის კლუბის მშენებლობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე სპორტულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, რომლის თქმითაც პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი