ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძის შეკითხვას პასუხობს - რატომ არ ვახსენებ პუტინს, და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ქვეყანას ან ხალხს, თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით
ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძის შეკითხვას პასუხობს - რატომ არ ვახსენებ პუტინს, და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ქვეყანას ან ხალხს, თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათთვის ეროვნული ინტერესები უცხოა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა.

„რაც შეეხება ბატონი რომან გოცირიძის შეკითხვას, მაგით რისი თქმა გინდათ, ბატონო რომან – ესეიგი, რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს, პუტინს. და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას ან ხალხს, თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ მაგით, თქვენ რომ ახსენეთ, რა მერე? მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით, ვერ გავიგე. რა აჩვენეთ, რა აჩვენეთ ხალხს, აუხსენით, დაელაპარაკეთ, რისი ჩვენება გინდათ? რა სპექტაკლებს დგამთ, ვერ გავიგე? ამათთვის უცხოა ეროვნული ინტერესები. ცნება ეროვნული ინტერესი არის უცხო თქვენთვის, ბატონო რომან. ადრე ვუთხარი, აღარ მინდა, ახლა ვაწყენინო, აღარ გეტყვით, აღარ ვარ ჩხუბის ხასიათზე. ამიტომ, გაჩერდით, ვიდრე გაგახსენეთ ახლა რაღაცები, შეგახსენებთ, იცოდეთ. ამ ადამიანებმა არ იციან ცნება – ეროვნული ინტერესი. თავს გაწირავენ, ირბენენ სხვა ქვეყნების დროშებით, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, მინდა, ყველა ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, მაგრამ, მეგობრებო, ჯერ თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, ჩვენს სახელმწიფოზე იფიქრეთ. თქვენ რა გაგიკეთებიათ, ბატონო რომან. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა-წყალი, თქვენმა ხელისუფლებამ დაკარგა მიწა-წყალი, დაკარგა ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი აღიარებინეთ რუსეთს“, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა რომან გოცირიძეს.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უდიერად ეპყრობოდა ქვეყნის ტერიტორიებსმ ამიტომაც არიან ოპოზიციის რიგებში და იქნებიან მუდამ.

„რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მომხდენი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ორი მნიშვნელოვანი რეგიონი. გუშინ დაიწყეს საუბარი, რომ მერე რა, ნატო-ში უნდა შევიდეთ მაგ ტერიტორიების გარეშეო, ვიღაცებმა თქვეს ასე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა რისკებს უქმნიან ქვეყანას, თითქოს ამათი მოტანილია ეს ტერიტორიები, თითქოს ამათი ტერიტორიებია. იმ ფონზე, როცა ჩვენ გვესმის ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და კარგია, რომ ეს განიმარტა, სიცხადე შემოვიდა. რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებები, ანექსიასთან, მიერთებასთან დაკავშირებული განცხადებები, – ამ დროს ვიღაცები იძახიან, ვითომ რაღაც აღმოაჩინეს ჩემი ნათქვამიდან. მეგობრებო, ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ქვეყნის ტერიტორიებს, რომ გაფლანგეთ, გაანიავეთ, ჩააბარეთ ტერიტორიები და შემოიყვანეთ რუსული ჯარი, ისევ დააბრუნეთ, აი, მაგიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ, რადგან თქვენნაირი ხალხი ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამას ხალხი არ დაუშვებს, ეს კარგად იცოდეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი