ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან, მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან არაფერი მიკვირს, არც მაინტერესებს, რას იტყვიან, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან, მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან არაფერი მიკვირს, არც მაინტერესებს, რას იტყვიან, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე, ინტერესის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან მე არაფერი მიკვირს, არც მაინტერესებს, ისინი რას იტყვიან, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და მათი ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, – „ბრატისლავაში კონფერენციაზე მოდერატორმა დაგისვათ კითხვა, რა არის, თქვენი აზრით, ომის დაწყების მიზეზი უკრაინაში, რაზეც თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი მიზეზია, რომ უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მოყვა მძაფრი კრიტიკა საქართველოში, ასევე კრიტიკული კომენტარები გააკეთეს ევროპრლამენტის წარმომადგენლების ნაწილმა, იყო ასევე კრიტიკა თქვენი სიტყვის 600-კილომეტრიან ეპიზოდზე, ითქვა, რომ ასპირანტი ქვეყნის ლიდერი არ  უნდა ადანაშაულებდეს ნატო-ს. რას ფიქრობთ ამაზე?“ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არასერიოუზულია.

„ეს ჩემთვის იმდენად არასერიოზული იყო, თქვენ რომ არ დაგესვათ ეს შეკითხვა, ამაზე კომენტარს ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებდი. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, ჩვენი საზოგადოებისთვის და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, თუ კარგად ნახავთ თქვენ ყოფილი და მოქმედი ევროპელი ლიდერების გამონათქვამებს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ, მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა იმავე დარბაზში, ბრატისლავაში თუ არ ვცდები, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ, სიტყვა ნატო-ს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი და თქვა, რომ ევროპული არჩევანის გამო მოხდა თურმე ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ კარგად ვიცით, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას, აქ ახალი არაფერი თქმულა. მე ნატო კი არ დავადაშაულე ომის დაწყებაში, ეს აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება, სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

მთავარი მინდა, ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, აქვს თავისი გამოწვევები და გაცხადებული მიზანია, რომ გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერს რომ ადანაშაულებენ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით, არის ძალიან სამწუხარო. მე არაფერი მიკვირს მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან, არც მაინტერესებს, ისინი რას იტყვიან, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი და ხალხის ინტერესები. მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო და შემოიყვანა ჯარი, დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი, ათასი პრივილეგია მიანიჭა. ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი.

რაც შეეხება 600 კილომეტრთან დაკავშირებულ საკითხს, ისევ გავიმეორებდი, რომ ძალისგან, რომელმაც სწორედაც რომ განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, მიუღებელია და სასაცილოა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდე არის, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრი და ჩვენ ამის გამო ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი, რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ამაზე, მე მგონი, ყველა ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.