ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანას დღეს სჭირდება მეტი ერთიანობა, სიყვარული და სიმშვიდე
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანას დღეს სჭირდება მეტი ერთიანობა, სიყვარული და სიმშვიდე

ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და დახმარებით, ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

„საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფე შიო, წმინდა სინოდის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით, ძვირფასო საზოგადოებავ, მოგესალმებით და მე მინდა, გითხრათ, ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. მე მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცო ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი ასევე არის გამორჩეულად წმინდა ადგილი. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მეუფე შიომ თავის ქადაგებაში ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი.

„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ, ამიტომაც არის რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და დახმარებით, ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.