ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ჩამოვიდა 2008 წლის აგვისტოში და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ჩამოვიდა 2008 წლის აგვისტოში და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით

ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის და ურთიერთ თანადგომის არაერთი მაგალითია. საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდიგვერდ მძიმე წუთებში. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“,- აღნიშნა პრემიერმა.