ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, როგორ ვასრულებთ ვალდებულებებს, ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს
ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, როგორ ვასრულებთ ვალდებულებებს, ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

ღარიბაშვილის თქმით, უპირველესად, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„მინდა, უპირველესად, ვთქვა, რომ დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვივნენ. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების, მშვიდობის შენარჩუნება. ეს გახლავთ ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე სრული თანხმობა გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.