ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო

პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ.

რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დეგრადირებულ, ექსტრემისტულ ოპოზიციას არ უნდა, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა და ყველაფერს აკეთებს, რომ გაწიროს საკუთარი ქვეყანა, ხალხის უსაფრთხოება.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ხელმოცარულია, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს, რაც მე ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ეს არის სწორედ ის დეგრადირებული, ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და, რაც მთავარია, ხალხის უსაფრთხოება. ამიტომ, მინდა, ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ. დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას. ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეწინააღმდეგება. ეს მინდა, ვუთხრა მათ. ჩვენი ეროვნული ინტერესები აქ გადის და ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესები და, ბუნებრივია, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.