ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი რეკომენდაცია არის პოლარიზაციის დასრულება, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, ყოველთვის მზად ვართ, გავხსნათ კარი მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი რეკომენდაცია არის პოლარიზაციის დასრულება, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, ყოველთვის მზად ვართ, გავხსნათ კარი მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია და საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, დიდი სამუშაო შეასრულა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ პროცესში აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პირველი რეკომენდაცია ეხება პოლარიზაციის დასრულებას, რისი მიღწევაც ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან დავიწყეთ აქტიურად მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა არის უკვე შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია ასევე ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია შემდეგია – ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.