ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ გვისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს და 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ გვისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს და 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს

პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე და რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, შედგება უამრავი საუბრისგან და ის სრულად არის ფაბრიკაცია.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა, რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს მაშინ, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. მაშინ არც პოლიტიკა არსებობდა, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტიც იმის დემონსტრირება არის, რომ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და კონტროლის ქვეშ. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრების.

რაც შეეხება დანაშაულს, რომელიც ახსენეს. დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში ესაუბრება ანზორ ჩუბინიძეს. დამისახელეთ, ერთი ფაქტი მომიყვანეთ ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რაიმე გსმენიათ, გთხოვთ, დამისახელოთ. ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი და განმარტა, რასთან იყო საქმე. მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ, რადგან მაშინ იყო გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს. იყო უამრავი მუქარა, აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩუბინიძის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება, როგორც იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის პოლიციის ჩართულობით, რადგან მაშინ ბიძინა ივანიშვილს დაცვის პოლიცია ემსახურებოდა. ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს ასეთ დანაშაულს, როგორც ესენი ყვებიან და გვიყვებიან, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ამ ფაქტს გაუხმაურებელს?! რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა. ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბეზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვები, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გავრცელებული მასალა არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერის ფაბრიკაცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი“.