ირაკლი ღარიბაშვილი - პატიმრების რაოდენობა თითქმის 9 000-მდეა შემცირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამომწყვდეული, ამ „ჰუმანურ“, „პროევროპულ“ ძალებს
ირაკლი ღარიბაშვილი - პატიმრების რაოდენობა თითქმის 9 000-მდეა შემცირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამომწყვდეული, ამ „ჰუმანურ“, „პროევროპულ“ ძალებს

პატიმრების რაოდენობა თითქმის 9 000-მდეა შემცირებული, „ნაციონალური მოძრაობის“, დროს თუ არ ვცდები, 25 000 და 27 000 იყო, 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამოკეტილი, გამომწყვდეული ამ „ჰუმანურ“, „პროევროპულ“ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით რეალური პროგრესი აქვს მთავრობას, 13-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს მუდმივი განახლება, დაბა ლაითურში დასრულდა 700 მსჯავრდებულზე გათვლილი კიდევ ერთი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, რუსთავში კი დაიწყო ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა.

„რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, აქაც მინდა და, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი, პარალელი რომ არ გავავლო წინა ხელისუფლებასთან. მოგეხსენებათ, წარსულს ჩავაბარეთ პატიმრების წამება, დამცირება, გაუპატიურება, მკვლელობები. დღეს ერთ-ერთი სანიმუშო, სამაგალითო გახდა პენიტენციური დაწესებულება მთელი ევროპის მასშტაბით, შეიძლება ითქვას. ყველა არის გაოცებული, განცვიფრებული ამ სისტემაში მიღწეული შედეგებით. პატიმრების რაოდენობა შემცირებული არის თითქმის 9 000-მდე, მათ დროს იყო 25 000 და 27 000, თუ არ ვცდები. 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამოკეტილი, გამომწყვდეული, აი, ამ „ჰუმანურ“, „პროევროპულ“ ძალებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ძალა გველაპარაკება?! ეს არის ნეოფაშისტური ძალა, ჩვეულებრივი. იგივე მეთოდები ჰქონდათ, რაც ჰქონდათ ფაშისტებს და ბოლშევიკებს, პატიმრების წამების, დასჯის, დამცირების, იგივე, აბსოლუტურად იდენტური. არაფრით განსხვავდებოდა მათი მეთოდები ციხეებში. ეს ძალა ელაპარაკება დღეს ხალხს ევროპულ მომავალზე. რამხელა ცინიზმია. თუ, მაგალითად, მათ დროს პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ცემით კლავდნენ, დღეს რატი ბრეგაძემ შექმნა ციფრული უნივერსიტეტი პატიმრებისთვის. გაუხსნა იუსტიციის სახლი, მიმდინარეობს ციხეების კეთილმოწყობა, გარემონტება, ჰუმანური გარემოა შექმნილი ყველა მიმართულებით. მათი ერთ-ერთი ლიდერიც, რომელიც გამოვიდა ციხიდან, ამაზე საუბრობდა გუშინ, თუ არ ვცდები. ჩვენ ბოლო ათ წელიწადში რადიკალური ცვლილებები შევიტანეთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ 13-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს მუდმივი განახლება, სამუშაოები.

ასევე, დაბა ლაითურში დასრულდა 700 მსჯავრდებულზე გათვლილი კიდევ ერთი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში დაიწყო ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა და ა.შ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.