ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციიდან ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციიდან ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ვალდებულია, თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს და ყველა ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, რათა ქვეყანას რაიმე ფორმით პრობლემები არ შეექმნას.

„მინდა,  ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ არ გაუკეთებიათ მანამდე. საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი. ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს, მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს. მეგობრებო, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენით, შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში უკრაინაში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. მეგობრებო, ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.