ირაკლი ღარიბაშვილი - გამყიდველი პოლიტიკოსები ომში გარდაცვლილებზე ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი
ირაკლი ღარიბაშვილი - გამყიდველი პოლიტიკოსები ომში გარდაცვლილებზე ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი

ბოლო დღეებში ატეხილია აჟიოტაჟი ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ომში გარდაცვლილებზე ვიღაც ფარისეველი და გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ყველაფერზე ყვირილი და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია“.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე – ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი და გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ. თავად ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული, და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას.

ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩაერთნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯების დაფარვა, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ. სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი პიარისა და პოპულიზმის გარეშე. ყველაფერზე ყვირილი და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი არის შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი, ადამიანი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს სამძიმარს, ჭირისუფალთან იქნება სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ქმედებით, ფორმით გამოხატვა. რასაც ჩადიან პოლიტიკოსები, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.