ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, რომ საქართველომ გააგრძელოს მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, რომ საქართველომ გააგრძელოს მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად

ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, რომ საქართველომ გააგრძელოს მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„თბილისში ვმასპინძლობ საქართველოს დიდ მეგობარს, ჩემს კოლეგას, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

კიდევ ერთხელ მივულოცე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას.

ჩვენი საერთო ხედვაა, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად.

ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამი ქვეყნის ლიდერმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად.

დღეს ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ახალი იდეები და ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.