ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს შეხვდა 
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მნიშვნელოვან წვლილზე, საქართველო-ნატოს დაახლოების პროცესში.

აღინიშნა გლობალური პანდემიის მიუხედავად, ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობა 2021 წელს, მათ შორის, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით.

საუბრისას განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიზაციისა და თავდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ასევე აღინიშნა, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და რეგიონის როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში და ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

პრემიერ-მინისტრმა როზარია პუგლისს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.