ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი შეცვალა, რომელიც SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.