ირაკლი ღარიბაშვილი - ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია, მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას
ირაკლი ღარიბაშვილი - ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია, მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, საქართველოში აშშ-ის ელჩს, აშშ-ის პრეზიდენტს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის.

„ქალბატონო ელჩო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის და ხალხის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ, მადლობა ამ დახმარებისთვის.

ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ამისთვის სრული მზაობა გვაქვს.

მინდა, ასევე ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწია საქართველოს მანამდე, კოვიდპანდემიის მართვის დროს, მას შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთ მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა აქვს შესყიდული, რომელიც ქვეყანაში ასევე უახლოეს მომავალში ჩამოვა.

„გარდა ამისა, ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. ამის მოწოდებაც დაიწყო.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.

მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა.