ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, ხელმოწერას არავითარი ფასი არ აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, ხელმოწერას არავითარი ფასი არ აქვს

ფარსი, ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და თაღლითობა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ხელმოწერის ფასი ნულია.

„ეს არის ფარსი და ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, რაც მათ ჩაიდინეს. ხომ ნახეთ იგივე ამერიკელი სენატორების გამოხმაურება, რომ ეს დაგვიანებულია და არავითარი ფასი ამ რაღაც ხელმოწერას არ აქვს. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებოდით ამ შეთანხმებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავედით ამ შეთანხმებიდან, რა თქმა უნდა, ეს თემა ამოწურულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ, მათ შორის ფსიქოლოგიურს, მორალურს, ყველანაირს, ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებდნენ.

„შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ გუშინ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი. მხოლოდ ხელმოწერა და განცხადება არაფერს ნიშნავს. „ნაცმოძრაობამ“ ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი