ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის „ენგურჰესზე“, ვინმეს თუ ჯერ კიდევ წუხილი და განცდა აქვს ჰესების მიმართ, შევახსენებ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესს
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის „ენგურჰესზე“, ვინმეს თუ ჯერ კიდევ წუხილი და განცდა აქვს ჰესების მიმართ, შევახსენებ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესს

მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის „ენგურჰესზე“, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ენგურჰესზე“ ასეთი მასშტაბური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ენგურჰესს“ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ „ენგურჰესზე“ მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს „ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. „ენგურჰესი“ დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდე მთელი ეს მხარე. ათასობით ადმიანი იყო დასაქმებული. დღესაც „ენგურჰესზე“ მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ „ენგურჰესის“ მიერ, აქედან გამომდინარე, „ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა, კითხვა დავსვა უბრალოდ – ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ „ენგურჰესი“ არ არსებობდეს დღეს ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის „ენგურჰესზე“. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ამჟამად სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. „ენგურჰესი“ საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი