ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება

მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ყოფილმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია ვერ აარიდა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ერთგული მსახურებისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელიც 2012 წელს გამოიჩინეთ, მაშინ, როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანასა და მოსახლეობას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ.

რა თქმა უნდა, არის მძიმე დღე. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული ათიათასამდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს, დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ არავითარი შეცდომა.

საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგნურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია ვერ აარიდა. შედეგად მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ამას გარდა, კოდორი დავკარგეთ, დავკარგეთ ახალგორი და გვყავს დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ანუ, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება.  კარგად გვახსოვს, აფხაზეთის ომის შედეგად ჩვენი 300 ათასი მოქალაქე დევნილი გახდა. სულ რაღაც ათი წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებს პასუხისმგებლობით ეკიდება.

„როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მჯერა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებს საღად და პასუხისმგებლობით უყურებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი