ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა საუბარი საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა საუბარი საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს

მქონდა საუბარი მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი წუხილი, პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ხომ არ ჰქონდა პრემიერს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ ვერ მოერია ამ ქვეყანაში და ვერც ვერასოდეს მოერევა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა სიმართლე გაირკვეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის და არ მინდა,ზედმეტი გამომივიდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არის დასაგმობი, კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესს და ანტიეკლესიური, ანტისახელმწიფოებრივია მთელი ეს კამპანია. ფარისევლობაა, როცა თითქოს ერთი მხრივ, შეშფოთებას გამოხატავ და მეორე მხრივ, მეორე ხელით „ტვ პირველი“ და ტვ „მთავარი“ ავრცელებენ, ტირაჟირებას უკეთებენ მთელ ამ სიბინძურეს, მთელ ამ პროპაგანდას. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ ვერ მოერია ამ ქვეყანაში და ვერც მოერევა ვერასოდეს. თქვენ ნახეთ ის ბინძური კამპანია, რაც პატრიარქის წინააღმდეგ წამოიწყეს სააკაშვილის დავალებით ტელეკომპანია „ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“ და მათმა ფუძემბდებლებმა. ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს, სიმართლეს ვერავინ აღუდგება წინ. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს საუბარი, უხერხულია ამის თაობაზე საჯაროდ საუბარი. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი წუხილი, ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს. რა თქმა უნდა, მედიის როლი ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს მთელ ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი