ირაკლი ღარიბაშვილი - მოვისმინე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, კანონზე მაღლა დააყენოს თავი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოვისმინე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, კანონზე მაღლა დააყენოს თავი

ციხეში ჩასმის დღიდან სააკაშვილის ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო, შემდეგ – ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად „თამაშობდა“, ყველა დაიჯერებდა, რომ ის ან შიმშილობს, ან ცუდად არის და ციხიდან გაუშვებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არავის მისცემენ უფლებას, თავი კანონზე მაღლა დააყენოს.

„არ მინდა, დეტალებში შევიდე, არც ექიმი ვარ და არ ვიცი, ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ სააკაშვილი რევოლუციისა და სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით, აქ რამდენიმე ხანში სისხლისღვრა დაიწყება, უბედურება მოხდება. უკრაინის ომი ჯერ დაწყებული არ იყო. მუქარებს აგრძელებდა სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და მსოფლიოში შიმშილობის ყველა რეკორდი მოხსნა. ვნახეთ ისიც, კადრები გავრცელდა, თურმე ჭამდა, ფარულად იღებდა საკვებს. მინდა, ვთქვა მთავარი, რომ ციხეში ჩასმის დღიდან სააკაშვილის ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო, შემდეგ – ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად „თამაშობდა“, ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, ის ან შიმშილობს, ან ცუდად არის და ყველა გაუშვებდა ციხიდან. რა თქმა უნდა, ეს არ და ვერ მოხდება.

ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს გარემო? მე არ ვარ ექიმი, რატი ბრეგაძემ გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. უკაცრავად და, არ უნდათ მათ, რომ საქართველოში უმკურნალონ. მათი ერთადერთი მიზანი, ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ, შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.