ირაკლი ღარიბაშვილი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა.

გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაერო-ს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი.

მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.